English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ხსოვნა ნათელი

გარდაიცვალა ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგიის უცხოელი წევრი, თვალსაჩინო რუსი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი სოროკინი.  

დ. სოროკინი დაიბადა 1946 წლის 1 იანვარს მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი, მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ (1988-2006), დირექტორის პირველ მოადგილედ (2006-2014), ხოლო 2015 წლიდან გარდაცვალებამდე იყო რუსეთის ფედერაციის საფინანსო უნივერსიტეტის „მაკროეკონომიკური რეგულირების“ კათედრის გამგე (შეთავსებით), პრორექტორი სამეცნიერო დარგში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში უძღვებოდა ეკონომიკური თეორიის დეპარტამენტს. 2014 წლიდან დ. სოროკინი იყო ჟურნალ „ფინანსური უნივერსიტეტის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი.

პროფესორმა დიმიტრი სოროკინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში.

 დ. სოროკინი გახლდათ პოლიტიკურ-ეკონომიკური კვლევების ცნობილი სპეციალისტი, მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ალტერნატიული მიდგომები, საკუთრებითი და შრომითი ურთიერთობები, საზოგადოების ინსტიტუტები და მათი რეფორმირების საკითხები.

პროფესორ დ. სოროკინის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მონოგრაფიებისა და სტატიების სახით. იგი იყო სამეცნიერო ჟურნალების: „Вопросы экономики“, „Экономическая наука современной России“, „Журнал экономической теории“, „Труды Вольного Экономического Общества“ - სარედაქციო კოლეგიების წევრი.

პროფესორ დ. სოროკინს ძალიან უყვარდა საქართველო, თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ქართველ კოლეგებთან. იგი სისტემატურად მონაწილეობდა თბილისში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

პროფ. დ. სოროკინი ცხოვრებიდან წავიდა შემოქმედებითი ენერგიით სავსე, ისე, რომ ვერ მოასწრო ბევრი საინტერესო ჩანაფიქრის და პროექტის განხორციელება.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი დიმიტრის გარდაცალების გამო. ვუსამძიმრებთ მის თბილისელ მეუღლეს, ქ-ნ ნაზის და ვაჟიშვილ დიმას.

პროფ. დიმიტრი სოროკინი მუდამ დარჩება ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში, როგორც გამოჩენილი მეცნიერ-ეკონომისტი, სამეცნიერო კვლევების და დისკუსიების ორგანიზატორი, ნიჭიერი ორატორი და ბრწყინვალე მოსაუბრე, საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი.

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“

  სარედაქციო კოლეგია